"გახარია თვალთხარია" - პერფომანსი ზებრა გადასასვლელებთან

01 Jul 2019

თბილისში, 4 სხვადასხვა ადგილზე, ზებრა გადასასვლელებთან ახალგაზრდები აქცია-პერფორმანსს აწყობენ - "გახარია წადი", "გახარია თვალთხარია".  

შერჩეულ ადგილებზე, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან  არსებულ გადასასვლელთან, ავტომობილების მოძრაობის ყოველი შეჩერების დროს, ახალგაზრდები ქვეითების გადასასვლელზე დგებიან და გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით სიტყვით გამოდიან და ტრანსფარანტებს შლიან.

ორგანიზატორი თორნიკე დარბაისელი ამბობს, რომ აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.

„პერფორმანსი ოთხ ლოკაციაზეა და იგი გაგრძელდება ყოველდღე. უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს. მთავარი მოთხოვნაა, რომ გიორგი გახარია გადადგეს იმ სისხლიანი ღამის შემდეგ, რაც მან მოუწყო საკუთარ მოსახლეობას, გავრილოვის, იმ რუსი დეპუტატის გამო, რომელიც არ აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. პირველად ვაწყობთ ამ პერფორმანსს და ერთ-ერთ ლოკაციად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა იმიტომ აირჩა, რომ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები აქ არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოქმედებენ. პოლიტიკური პოლიცია უშუალოდ მათი მითითებით, გიორგი გახარიასთან შეთანხმებით არბევდა იმ მიტინგს, სადაც 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა".

აქცია-პერფორმანსი იმართება თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის ასასვლელში; რესპუბლიკის მოედანზე, ახალ საფეხმავლო გადასასვლელთან და მარჯანიშვილის მოედანზე, "მაკდონალდსთან".

logo