ბათუმში საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღნიშნეს

23 ივნ 2025

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც 1948 წლიდან აღინიშნება და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების დღეს უკავშირდება.

მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით ტარდება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 1994 წლიდან ტარდება.

ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმში გაიმართა მასობრივი ოლიმპიური გარბენი, ასევე ჩატარდა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ქვიშის ფეხბურთში, ქვიშის რაგბიში, ქვიშის ფრენბურთში, ქვიშის ჭიდაობაში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, კარატესა და კანოეში.

მოეწყო ასევე ველომარათონი და მძლეოსნური გარბენი. საერთო ჯამში ოლიმპიურ ღონისძიებაში მონაწილეობა სამიათასამდე პროფესიონალმა სპორტსმენმა და მოყვარულმა მიიღო.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან სეოკ-ის სერთიფიკატები, თასები, საგანგებო მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სეოკ-ის აჭარის ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

logo